რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, წვევამდელები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ გაიგზავნებიან.
"წვევამდელი სამხედროები ასრულებენ დავალებებს სამხედრო ნაწილების დანიშნულების შესაბამისად. ამასთან, ისინი არ გაიგზავნებიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. ყველა წვევამდელი, ვინც სამსახური დაასრულა, სახლში გაიგზავნება," - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, შოიგუმ განაცხადა, რომ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 300 000-დან 87 000 ადამიანი უკვე გაგზავნილია საბრძოლო ზონებში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.