აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის უფროსი მრჩევლის, დერეკ შოლეს თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და სურს, ქვეყანამ მიაღწიოს დასახულ მიზნებს, თუმცა მიმდინარე კვირის დასაწყისში მომხდარი მოვლენები "ამას გაართულებს". ამის შესახებ დერეკ შოლემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას, მას სურს საქართველომ მიაღწიოს ამ მიზნებს. რეალობა ისაა, რომ ისეთი რამეები, რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, გაართულებს ამის მიღწევას"- თქვა შოლემ.
დერეკ შოლე ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება ნიკა გვარამიას დაკავებაზე თავის სათქმელს ამბობს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის უფროსი მრჩეველი ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე შეშფოთებას ღიად გამოხატავს.
"ჩვენ შეშფოთებებს ძალიან ღიად გამოვხატავთ, ვგულისხმობ შტატები, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროპაში და სხვაგან, როდესაც გვაქვს წუხილები მედიის თავისუფლების, ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე - მსგავს საკითხებზე. იმაზე, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტების მიღება ყოვნდება.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას დაპატიმრებას, საელჩოს განცხადება თავად ამბობს სათქმელს და ის, რასაკვირველია, განმტკიცებულია ვაშინგტონიდან და ის არის ასახვა ჩვენი მზადყოფნისა, რომ ვიყოთ პირდაპირები, ღიები და ვილაპარაკოთ ძალიან მკაფიოდ ჩვენს შეშფოთებებზე. ასე ვიქცევით პირად საუბრებშიც და საჯაროდაც, რადგან გვჯერა, რომ მეგობრებთან უნდა იყო ძალიან პირდაპირი. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ეს განცხადება გამოქვეყნდა"- თქვა დერეკ შოლემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს ორი დღის წინ ეწვია. ის NGO-ების, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.