logo
ENG



შოლცის თქმით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება

04 მაი 202203:36
3 წუთის საკითხავი
 
შოლცის თქმით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გათვალისწინებით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შოლცის თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს ფინეთს და შვედეთს, თუ ისინი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას.

ოლაფ შოლცმა შვედეთისა და ფინეთის პრემიერმინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში დაარღვია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი და აიძულა ევროპა, გაეძლიერებინა თავისი თავდაცვის სტრატეგია.

"ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევაში, ძალადობით არ დაარღვევს საერთაშორისო სამართალს", - თქვა შოლცმა.

ჟურნალ Stern-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა იმპერიალისტურია და ის მეზობელ ქვეყნებს "რუსეთის უკანა ეზოდ" თვლის.

"მას სურს თავისი ტერიტორიების გაფართოება და საზღვრების ძალადობით გადალახვა. ის სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას, რომელიც შეიცვალა", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, როგორც ჩანს, პუტინს სურს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ნაწილის ხელში ჩაგდება, იქ ახალი საკონტაქტო ხაზის დამყარება, რაც საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტას გამოიწვევს.

"ეს არ იქნება მდგრადი გადაწყვეტა. პუტინმა უკრაინასთან შეთანხმება უნდა დადოს", - დასძინა გერმანიის კანცლერმა.


close დახურვა