logo
ENG



შოლცმა და მაკრონმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისა და ზელენსკისთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს

28 მაი 202220:05
3 წუთის საკითხავი
 
Ludovic Marin / AFP

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსი სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდეს.

3 ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო დიალოგი დღეს შედგა. გერმანიის ხელისუფლების ცნობით, საუბარი 80 წუთი გაგრძელდა.

„გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა [პუტინს] ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და რუსი სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდეს. მათ რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან სერიოზულ, პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთოს და მოძებნოს კონფლიქტის დიპლომატიურად გადაწყვეტის გზა“, - წერია გერმანიის ხელისუფლების განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისმა კი განაცხადა, რომ ომის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკების საგანია.

საუბრისას მაკრონმა და შოლცმა პუტინს 2 500-მდე აზოვსტალის მცველის გათავისუფლებისკენაც მოუწოდეს. ეს სამხედროები რუსულმა ძალებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის რამდენიმე კვირიანი დაცვის შემდეგ მძევლად აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 27 მაისს, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები "გაყინულია". პესკოვის თქმით, მოსკოვი ელის, რომ კიევი დათანხმდება რუსეთის ტერიტორიებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

პესკოვის კომენტარს წინ უსწრებდა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის განცხადება. კისინჯერმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებში ომამდელ ტერიტორიულ მდგომარეობას უნდა დასთანხმდეს, რაც ყირიმსა და დონბასის ნაწილზე უარის თქმას გულისხმობს.

26 მაისს კი ლატვიის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო სამშვიდობო შეთანხმებების შესახებ ის მოწოდებები, რაც მისი თქმით "რუსეთის დაწყნარებას" ემსახურება.

ზელენსკის თქმით, ზოგიერთ მსოფლიო ლიდერს ილუზორული მშვიდობის შენარჩუნება ათასობით მოკლული უკრაინელის ფასად უღირს და უკრაინაში არსებულ მდგომარეობას ეგუება.

"მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკებები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე გარკვეული გამყოფი ხაზების გავლებაზე, რათა აგრესორი დაწყნარდეს. და ვითომ დათმობები, დათმობები და კვლავ დათმობებია საჭირო - რა თქმა უნდა, იმ სახელმწიფოს ხარჯზე, რომელსაც თავს დაესხნენ, რათა აგრესორმა მოწყალება გამოიჩინოს და შეჩერდეს“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა