logo
ENG



შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

08 იან 202114:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/08/zia9pr5q79nqx5z.jpg

პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს", - აცხადებენ საპატრიარქოში. 

პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მდივან-რეფერანტს ილია მეორესთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია, შესაძლოა მას PCR ტესტირება ჩაუტარდეს. 

"შეიძლება დაისვას პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხი, განიხილება ჯერ. ქალბატონ შორენას არ ჰქონდა მასთან შეხება, დისტანციურად იყო, მაგრამ მაინც სიფრთხილისთვის შეიძლება მოხდეს ესეც". - ამბობს ცისანა შარტავა.

თუმცა თეთრუაშვილი პატრიარქის დაბადებისდღეზე საპატრიარქოში იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მდივან-რეფერანტს 4 იანვარს მართლაც ჰქონდა პატრიარქთან კონტაქტი. 

მიუხედავად ამისა, პირველიერარქის პირადი ექიმი აცხადებს, რომ საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე შესვლამდე წინა დღით ყველა სტუმარმა საგანგებოდ ჩაიტარა PCR ტესტირება, მათ შორის, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, რომელსაც კორონავირუსი შემდეგ დღეს დაუდასტურდა. 

ილია მეორის ექიმი ამბობს, რომ თეთრუაშვილი 4 იანვრის საღამოს, მას შემდეგ გადავიდა თვითიზოლაციაში, რაც მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"ყველა ვინც მასთან კონტაქტში იყო, გადავიდა იზოლაციაში", - ამბობს ექიმი.

 


close დახურვა