logo
ENG



შოტლანდიის პირველი მინისტრის ოჯახის წევრებმა ღაზის სექტორი დატოვეს

03 ნოე 202316:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/03/y4kb7ran5p4ueus.jpg

შოტლანდიის პირველი მინისტრის, ჰამზა იუსაფის ოჯახის წევრებმა ღაზის სექტორი დატოვეს. ისინი 100-ზე მეტ ადამიანს შორის არიან, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს სიაში მოხვდნენ და დღეს ღაზის დატოვების უფლება მისცეს.

იუსაფისა და მისი ცოლის, ნადია ელ-ნაკლას ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცოლის მშობლებმა ღაზა რაფაჰის გამშვები პუნქტიდან დატოვეს.

"ბოლო ოთხი კვირა იყო ნამდვილი კოშმარი ჩვენი ოჯახისთვის, მადლიერები ვართ ყველა ნუგეშისთვისა და ლოცვისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოდან მივიღეთ, ასევე შოტლანდიისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ელიზაბეთ ელ-ნაკლა და მაგედ ელ-ნაკლა წარმოშობით პალესტინელები არიან და ღაზაში ახლობლების სანახავად წავიდნენ, თუმცა ჰამასის თავდასხმის გამო ამ დრომდე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. 

მიმდინარე კვირას ჰამზა იუსაფმა განაცხადა, რომ არ იცის ცოცხალია თუ არა მისი ოჯახი ღაზის სექტორში, რადგანაც კავშირი გაწყვეტილი იყო. ელ-ნაკლას თქმით, მისი მშობლები სასმელი წყლის გარეშე დარჩნენ და მათი მარაგიც სწრაფად მცირდებოდა.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის სასტიკი თავდასხმის შემდეგ ღაზის სექტორში მილიონობით ადამიანი რაკეტებისა და ბომბებს ქვეშ მოექცა. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ღაზაში იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში სექტორის დატოვების საშუალება არ ჰქონდათ.

რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზიდან გასვლის ერთადერთი გზაა, ეგვიპტემ ოთხშაბათს გახსნა. დაჭრილი პალესტინელები და უცხო ქვეყნის პასპორტის მქონე 335 პირი იყვნენ პირველები, რომელთაც სექტორის დატოვების უფლება მისცეს.


close დახურვა