logo
ENG



შრომის ინსპექცია: კლუბი ხიდი 10 000 ლარით დავაჯარიმეთ და დავლუქეთ

04 დეკ 202118:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/04/pfxih9219fwrvrt.jpg
ფორმულა

შრომის ინსპექცია ფეისბუქზე წერს, რომ კლუბი ხიდი 1000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის დალუქვის მიზეზად ინსპექცია აკრძალული გასართობი ღონისძიების გამოვლენას და კარანტინის წესის დარღვევას ასახელებს.

"შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.

მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ “ხიდ”-ზე აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად,მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება.

მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით.

აქვე აღსანიშნავია, რომ "მწვანე ზონების" კონცეფციის შექმნის მიზნით ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება.

შრომის ინსპექცია აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მწვანე ზონების უსაფრთხო კონცეფციის მონიტორინგის კუთხით, ასევე ზედამხედველობას უწევს აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამოვლენის ფაქტებს." - წერს შრომის ინსპექცია

21 თვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ "ხიდმა" პირველ საკლუბო ღამეს უმასპინძლა, რის გამოც 10 000 ლარით დაჯარიმდა. ღონისძიებას მხოლოდ ე.წ. მწვანე სტატუსის მქონე პირები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.

 

close დახურვა