შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი პარლაემნტში მივიდა. სახალხო დამცველი და სამოქალაქო საზოგადოება 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად სწორედ ნინო ცაციაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის დაკავებამდე, შს მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ დაკითხვა კანონის სრული დაცვით მოხდა.
"მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგედიის გამო. იმედს ვიტოვებ, რომ პასუხი გაეცემა ყველა არსებულ კითხვას. რაც შეეხება ჩემ ბრიფინგს, ჩვენი მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერება მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც იმ დროისთვის ხელთ გვქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რადგან სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება მოგვიანებით დაიწყო. ვთანამშრომლობთ ინსპექტორთან და ყველა საჭირო მასალა უკვე მივაწოდეთ მათ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ინტერპრეტირება არ მოხდეს. იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება გრძელდება, ახალი დეტალები ემატება საქმეს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან. ახლა მნიშვნელოვანია, გამოწვევების გადაჭრა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, რომელიც თავიდან კომენტარს მედიასთან არ აკეთებდა.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მომხდარ ფაქტს ეხმაურება. ის აცხადებს, რომ გამომძიებლისთვის ბრალის წარდგენა საქმეში არსებულ გადაცდომებზე მიანიშნებს.
„ამ საკითხის სრული გამოძიება უნდა მოხდეს, რათა კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. ერთი ადამიანის მიმართ ბრალი უკვე წაყენებულია. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ დაკითხვის დროს იყო უკანონო ქმედებები, რამაც ის უმძიმესი შედეგი გამოიწვია, რაც მივიღეთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.