logo
ENG



შსს-მ თბილისში, გურიაში სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო იარაღი ამოიღო, დააკავა 6 პირი

01 მაი 202213:46
3 წუთის საკითხავი
 
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 6 ადამიანი დააკავეს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული  3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის პოლიციის 1991 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ჟ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 15 ვაზნა.

გურიის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1963 წელს დაბადებული ჯ.ჯ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა. პოლიციამ, ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ვინჩესტერის ტიპის სანადირო თოფი, მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა.

ამავე დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ზ.ღ. დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ორლულიანი სანადირო თოფი, რევოლვერი და 15 საბრძოლო ვაზნა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ზესტაფონში დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ქ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სხვადასხვა დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.


close დახურვა