logo
ENG



შსს-მ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა პირველად დაიწყო

12 სექ 202010:42
3 წუთის საკითხავი
 
joeqqocbccers73.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა პირველად დაიწყო.

შსს-ის ცნობით, ბრალდებულმა კაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

უწყების ინფორმაციით, მოძალადის მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და მსხვერპლის თანხმობის შემდეგ გადაწყდა, რომ მოძალადის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობაც დაწესდებოდა.

"გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112". მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა, ხოლო მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას", - წერია შსს-ს განცხადებაში.

2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.


close დახურვა