logo
ENG



შსს-მ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, უკრაინის 3 მოქალაქე დააკავა

22 ივნ 202016:30
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, უკრაინის 3 მოქალაქე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, 1990 წელს დაბადებული ა.ხ და 2000 წელს დაბადებული დ.პ., 1990 წელს დაბადებული პ.ბ.-ს მითითებით, თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

„სამართალდამცველებმა, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 45 აბი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს მითითებით ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 25 აბი.

ბრალდებულების დროებითი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი პოლიციამ "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 688 მთლიანი აბი და 21 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა