საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პოლიციელის დღის ღონისძიებას არ დაესწრო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფორმულას უთხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ გაუგზავნა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტისთვის მოსაწვევის არგაგზავნა "აბსოლუტურად ლოგიკურია".
"პირველ რიგში - რაც შეეხება პრეზიდენტის არყოფნას დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. იმ პირობებში, როდესაც მან მაგალითად შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა, რა თქმა უნდა, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღევანდელ დღეს ყოფილიყო აქ. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება, მაგრამ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა ამ ღონისძიებაზე იმ ადამიანის დასწრება, რომელმაც შეიწყალა კონკრეტული პატიმარი, რომელიც ცდილობდა ერთ-ერთი პოლიციელის ცოცხლად დაწვას.
ამის გარდა, გახსოვთ მისი განცხადებები გასულ კვირებში პოლიციასთან მიმართებით, ეს იყო აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები, აქედან გამომდინარე, დღეს არაფერი ესაქმებოდა ბუნებრივია სალომე ზურაბიშვილს ამ ღონისძიებაზე", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. მთავრობამ სალომე ზურაბიშვილი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც არ მიიწვია.