შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ახალქალაქში მდებარე სარიტუალო დარბაზი დალუქეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებული იყო, თუმცა ამის მიუხედავად, სარიტუალო დარბაზის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტი დაილუქა.
შსს მოქალაქეებს შეახსენებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით.