დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება იმართება. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ჩაშლას და ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დროა: საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოაწყო ძალადობის დემონსტრირება
08 ივლისი, 18:01
"საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგ ჯერზე არ შეასრულა საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეების დაცვაზე მოძალადე ჯგუფებისგან. ეს პირველად არ ხდება და არც გასაკვირია, რადგან სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების მიერაა დაფინანსებული, ორგანიზებული და დაუსჯელობით წახალისებული ეს მოძალადე ჯგუფები", - დროა.
ევროპული საქართველო: ხელისუფლება პუტინისტების ხელით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ებრძვის
08 ივლ, 17:54
"ხელისუფლებამ კვლავ უარი განაცხადა პრაიდის ფესტივალის მონაწილეების ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფაზე, მოტყუებით მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები და კვლავ დააყენა ისინი შავრაზმული ფიზიკური ძალადობის საფრთხის წინაშე და მისივე მოკავშირე პუტინისტური კრიმინალური ჯგუფების მოგერიების ნაცვლად, თავად ფესტივალის მონაწილეები გაიყვანა კერძო საფესტივალო ტერიტორიიდან.
ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული და მისი ქვეყნის მართვიდან ჩამოშორების გარეშე საქართველოს არცერთი მოქალაქე არ იქნება მსგავსი ძალადობისგან დაცული. ხელისუფლება პუტინისტების ხელით არა ამ კონკრეტული ჯგუფების, არამედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ებრძვის და ამის გააზრება მართებს ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარს", - ნათქვამია განცხადებაში.
გირჩი-მეტი თავისუფლება: პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებას და რუსეთისკენ გეზს
08 ივლ, 17:47
"ამ ქვეყანაში პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებას და ქვეყნის განვითარების ვექტორის მცოცავ ცვლილებას რუსეთისკენ.
ამ ქვეყანაში ოცნება აერთიანებს სუს-ს, პოლიციას, მურუსიძის სასამართლოს, საპატრიარქოს მრევლს, კრიმინალურ სამყაროს, რომლებშიც გადაზელილია ის ორკების არმია, რომელიც დღეს ვიხილეთ.
ამ ხალხზე დგას დღეს აქ რუსეთიც, ბიძინაც და მისი ნებისმიერი მონაც.
არავინ მათ არ მოექცევა ისე, როგორც ექცევიან იმ ხალხს, ვინც რუსეთს/ბიძინას ებრძვის.
მითუმეტეს, არავინ მათ არ დაშლის წყლით, გაზით და ხელკეტებით.
‘მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ’-საც კი არ ჩაურთავენ.
რუსეთი თავის დასაყრდენ ტოტს არ მოჭრის.
ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა მტრის ინტერესებშია.
ეს სიბნელე მარტივად არ დასრულდება და სანამ ყველასთან დააკაკუნებს, უნდა გამოვფხიზლდეთ.
რუსული ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ." - წერია პარტიის განცხადებაში.
"არ გვაქვს რუსული ოცნების მართული მილიციის იმედი" - დღეს საღამოს დაგეგმილი აქცია გაუქმდა
08 ივლ, 17:31
ორგანიზატორების ცნობით, აქცია "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" არ ჩატარდება, რადგან მათი თქმით, ადამიანის სიცოცხლეს აფასებენ და "რუსული ოცნების მართული მილიციის იმედი არ აქვთ".
მოძრაობა ჯიუტის და ტალღას მიერ ორგანიზებული აქცია დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტთან უნდა გამართულიყო. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც Tbilisi Pride-ის ორგანიზებული ფესტივალი ჰომოფობიურმა და აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა ჩაშალეს.
"რადგან ჩვენ, რადიკალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ვაფასებთ ადამიანის სიცოცხლეს და არ გვაქვს რუსული ოცნების მართული მილიციის იმედი, ვიღებთ მძიმე, მაგრამ ერთადერთ გონივრულ გადაწყვეტილებას და ვაუქმებთ საღამოს დაანონსებულ ღონისძიებას.
ადამიანის უფლებებს დავიცავთ ყოველთვის." - წერს მოძრაობა ტალღა.
ზურაბიშვილი: დღეს ქვეყანაში ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა დაირღვა
08 ივლ, 17:27
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში, პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება. მისი თქმით, ღონისძიების ჩაშლით ქვეყანაში საქართველოს კონსტიტუციით გაცემული პირობა დაირღვა.
"დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთის მხრივ, აზრის გამოხატბის უფლება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის 17-ე მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი ჩვენი კონსტიტუციისა. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცავებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.
ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას. ვითომცდა სხვანაირად არ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ ჩაიშლება, თუკი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს", - ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი: საგანგაშოა, რომ კონტრაქცია წაქეზებული, მხარდაჭერილი იყო ოცნების დეპუტატებისგან
08 ივლ, 17:19
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგანგაშოა, რომ პრაიდ ფესტის წინააღმდეგ ძალადობრივი კონტრაქცია მმართველი გუნდის წევრების მხრიდანაა წაქეზებული და ღიად მხარდაჭერილი.
ზურაბიშვილმა გააკრიტიკა მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ოცნების სხვა წევრები, ვინც მათი თქმით, გვარწმუნებენ რომ უფლებადამცველები არიან და მათ "სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს ფასი არ აქვს".
ბრიტანეთის ელჩი: შეძრწუნებული ვარ, რომ პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა
"შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას", - წერს ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი.
Tbilisi Pride: პოლიციამ თავდამსხმელების მიმართ არ გამოიყენა პროპორციული ძალა
08 ივლ, 16:49
Tbilisi Pride-ის განცხადებით, პოლიციამ არ გამოიყენა პროპორციული ძალა იმისთვის, რომ მოძალადე ჯგუფები შეეკავებინა და ფესტივალის ტერიტორიამდე არ მიეშვა.
ორგანიზაციის თქმით, თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ალტ-ინფოს მიერ დაიგეგმა და უწყებისგან მიღებული გარანტიების მიუხედავად, ალტ-ინფოს წევრებმა ალყაში მოაქციეს ფესტივალის ტერიტორია და ფესტივალის მონაწილეებს ადგილი დაატოვებინეს.
Tbilisi Pride-ის აზრით, ეს "ევაკუაციაც" წინასწარ იყო დაგეგმილი და შსს-ის უმოქმედობის დასტურია.
"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" - დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება
08 ივლ, 16:42
"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" - დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოძრაობები ჯიუტი და ტალღა არიან.
"მაშინ, როდესაც ხელისუფლება არ იცავს ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, ეს უნდა გააკეთოს ხალხმა, ანუ ჩვენ. უმცირესობის უფლებათა დაცვა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი. მოდი რუსთაველზე!", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნიდერლანდების ელჩი პრაიდფესტზე: სრულად უნდა გამოიძიონ, გაასამართლონ ძალადობის ორგანიზატორები
08 ივლ, 16:38
"მე სრულიად იმედგაცრუებული ვარ, რომ თბილისის პრაიდფესტი დღეს ვერ გაიმართა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, მიუხედავად უსაფრთხოების გარანტიებისა, რაც წინასწარ იყო დაპირებული. სრულად უნდა გამოიძიონ და გაასამართლონ დღეს და წარსულში ძალადობის ყველა ორგანიზატორი." - ტვიტერზე წერს ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი.
ფესტივალის ჩაშლის ფონზე პაპუაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება
08 ივლ, 16:08
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო თბილისი პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება.
"პოლიცია ჩვენ ვნახეთ, რომ იყო წარმოდგენილი ჭარბად და შეძლებისდაგვარად, რა თქმა უნდა, პოლიციის ამოცანაა, უზრუნველყოს უსაფრთხოება ადამიანის. რამდენადაც ვიცი, არავინ დაზარალებულა. ამიტომ მნიშვნელოვანი ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება, თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი.
პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა, არ ვიცი მე, არის თუ არა ვინმე დაკავებული, ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია, რაც აქამდე მაქვს არის ის, რომ პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება როგორც მონაწილეების, ასევე, როგორც ვიცი, ჟურნალისტების მიმართაც თუ იყო გამოხატული აგრესია, პოლიცია ყველგან ჩაერია და უზრუნველყო ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება", - ამბობს პაპუაშვილი.
დეკანოიძე: პოლიციას უნდა ჩაეკეტა ვიწრო ქუჩები, რომ მათი გადაადგილება არ მომხდარიყო
08 ივლ, 16:08
ხოშტარია: მორიგ ჯერზე სახელმწიფო მოძალადეებთან ერთად არის
08 ივლ, 16:08
ჯაყელი: შსს-მ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ დავეცავით
08 ივლ, 15:46
თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ ჯაყელის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერი გაუკეთებია ღონისძიების მონაწილეების დასაცავად.
"ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის ეს ყველაფერი. ფიზიკურად უსაფრთხოდ ვართ ამ წუთას, მაგრამ ემოციურად საშინელებაა. უცბად მოგვიწია ევაკუაცია, როცა ფაქტობრივად, პოლიციამ მოიყვანა ჩვენთან, ყველა მხრიდან ალყა შემოგვარტყეს ალტ-ინფოელებმა. არაფერი არ გააკეთა შსს-მ იმისთვის, რომ დავეცავით. სრულიად უღალატა თავის დანაპირებს და ამდენ თვიან პროცესს, სადაც ჩართული იყო მთელი საერთაშორისო საზოგადოება და სახალხო დამცველი. დახურული ღონისძიებაც ვეღაც ჩავატარეთ. გაგვიყვანეს უცბად და ჩაგვტენეს სამარშრუტო ტაქსიში", - ამბობს ჯაყელი.
დარახველიძე: პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული
08 ივლ, 15:46
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ პრაიდფესტის ლოკაციის დაცვისთვის მობილიზებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა.
დარახველიძის თქმით, ტერიტორიაზე კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მივიდა და ის, რომ მათ კორდონის გარღვევა მოახერხეს, შსს-ს წარმომადგენელმა გაშლილ ტერიტორიას დააბრალა.
"დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როდესაც საუბარია გაშლილ ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით. მაგრამ ვხედავთ, რომ მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული", - განაცხადა დარახველიძემ.
მან არ უპასუხა კითხვას, რისთვის განალაგეს სპეციალური ღონისძიებებისთვის საჭირო აღჭურვილობა, მათ შორის წყლის ჭავლი, თუ მათ გამოყენებას არ აპირებდნენ.
სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მოძალადებ ჯგუფებთან ერთად ფესტივალის ჩასაშლელად არის მისული
8 ივლ, 15:28
ძალადობრივი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და არბევენ.
ოცნების დეპუტატი: *იდარასტების ტუსოვკა გაუქმდა, საქართველოს მოსახლეობის დამსახურებაა
8 ივლ, 15:24
"*იდარასტების ტუსოვკა გაუქმდა. საქართველოს მოსახლეობის დამსახურებაა! ორი დღეა ვამტკიცებ, რომ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა გვინდა, ვისთან გვინდა და სად ვხედავთ ჩვენს სამშობლოს!!!" - წერს დიმიტრი სამხარაძე.
შსს-ს წყლის ჭავლის მანქანა ფესტივალის ტერიტორიაზე
სიმონიშვილი: სამართალდამცველებმა სათანადო ღონისძიებები არ გაატარეს
08 ივლ, 15:04
იურისტი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ფესტივალის ტერიტორიის დასაცავად სამართამდაცველებმა სათანადო ღონისძიებები არ გაატარეს და პოლიციას მომხდარის აღკვეთა იქამდე შეეძლო, ვიდრე მოძალადეები ლისზე ავიდოდნენ.
ჰომოფობიური ჯგუფები ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ
08 ივლ, 15:05
Tbilisi Pride-ის განცხადება
08 ივლ, 15.02
"მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
კვარაცხელია: მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია
08 ივლ, 14:54
Tbilisi Pride-ის თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია წერს, რომ ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შემდეგ, ფესტივალის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. მისი თქმით, არავინ დაშავებულა.
ძალადობრივი, ჰომმოფობიური ჯგუდები შემოვლითი გზებით ფესტივალის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობენ
08 ივლ, 14:52
ტერიტორიაზე გამოჩნდა პოლიცია ხელკეტებითა და ფარებით
08 ივლ, 14:46
პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავა
08 ივლ, 14:37
პოლიციამ პრაიდ ფესტივალის გასაპროტესტებლად მიმავალი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავა - რამდენიმე წუთის წინ მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ.
უცნობია დაკავებულთა ზუსტი რიცხვი. ადგილზე მყოფი ფორმულას ჟურნალისტის ცნობით, გამოჩნდა სპეცრაზმიც.
პრაიდ ფესტივალი გახსნისთვის ემზადება, მოძალადე ჯგუფებისგან ტერიტორიას პოლიცია იცავს
08 ივლ, 14:26
თბილისი პრაიდის წევრის ანა სუბელიანის ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიაზე ამ წუთებში სიმშვიდეა და პოლიცია მათ უსაფრთხოებას იცავს. ფესტივალი 2 საათში უნდა დაიწყოს.
პარალელურად მსვლელობა დაიწყეს ჰომოფობმა და მოძალადე ჯგუფებმა. მათი ნაწილი უკვე ტერიტორიაზეა, ნაწილი კი ახლა მიდის.
სუბელიანი აცხადებს, რომ ადგილზე რაიმე ინციდენტი არ მომხდარა.
"ჩემი აზრით, პოლიცია ამ წუთას ნამდვილად ასრულებს დანაპირებს და მოწოდების სიმაღლეზეა. ადგილზე სიმშვიდეა და არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მცირე ჯგუფები ახლო-მახლო არიან, ისინი პოლიციას ლოკალიზებული ჰყავს. პოლიცია ადგილზე ნამდვილად აკავებს მათ და არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენამდე მოვიდნენ", - თქვა სუბელიანმა ფორმულას ეთერში.