logo
ENG



შსს-ს სტატისტიკით, ოჯახური დანაშაულის შედეგად 2019 წელს 7 ქალი გარდაიცვალა

16 თებ 202019:50
3 წუთის საკითხავი
 

 

ხათირა ჰუსეინოვას მკვლელობა, რომელიც ყოფილმა ქმარმა საკუთარ სახლში, სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით მოკლა, ფემიციდის მესამე შემთხვევაა. 2020 წლის პირველ ორ თვეში იყო დაჭრის რამდენიმე ფაქტიც. წინა შემთხვევების მსგავსად, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი და ფემიციდის, როგორც წლების მოუგვარებელ პრობლემაზე მიუთითებს. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დროს, პოლიცია დასჯაზეა ორიენტირებული და არა პრევენციაზე. ეს მიდგომა კი ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, რაც ხშირად თავისუფლების უკანონო აღკვეთით ან ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმით, ფემიციდით სრულდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობა დახვეწა და გამოვლენის მაჩვენებელმაც იმატა, ბაია პატარაიასთვის ეს საკმარისი არ არის. უფლებადამცველი, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ქალთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ზრდისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამბობს, რომ ქალმა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, თვითმკვლელობამდე სამართალდამცველებს 16-ჯერ მიმართა, თუმცა მისი დაცვა სახელმწიფომ ვერ შეძლო. ეს არის საქმე, რომელმაც ძალადობისგან დაცვის პოლიტიკის ბევრი ხარვეზი გამოავლინა. ამ ხარვეზების ნაწილი დღემდე მოუგვარებელია, მათ შორის რისკების ეფექტიანი შეფასება და ძალადობის მსხვერპლის შემდგომი მონიტორინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს 14 ქალი გარდაიცვალა, 2017 წელს - 14 ქალი, 2018 წელს - 7 ქალი, ხოლო 2019 წელს - ასევე 7 ქალი. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა კლებადია, გაზრდილია ძალადობის მსხვერპლების მიერ პოლიციისადმი მიმართვა და დახვეწილია რეაგირების მექანიზმი, ფემიციდი მაინც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება და ამ პრობლემის ადრესატებს ყოველწლიურად თავს ახსენებს.

 

 

 

 


close დახურვა