15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტზე გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორი აწარმოებს. შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდის გამოკითხვაზე ორჯერ, მშობლის თანდასწრებით მოხდა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. 10 დეკემბერს "112“-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე კედლების იერსახის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. "112"- ში შეტყობინება სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა განახორციელა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა გამომძიებელმა მოწმის სახით გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის: შეტყობინების ავტორი - სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი და დედის თანდასწრებით არასრულწლოვანი, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების დაზიანების ფაქტი.
მეორე დღეს, 11 დეკემბერს, მშობლის ინიციატივით, არასრულწლოვანი, დედასთან ერთად, კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას დამატებითი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით არ მოუწოდებია და დაახლოებით, 40 წუთში, მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება. მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა. რაც შეეხება, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, აღნიშნულს აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ინსპექტორის სამსახურთან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩვენს მიერ უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. კერძოდ, მოზარდმა სკოლის შენობაზე წარწერა დატოვა, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.