logo
ENG



შსს: 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 103 ახალი ფაქტი გამოვლინდა

03 მაი 202013:11
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 103 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ცნობილია, რომ პოლიციამ 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე დააჯარიმეს.

„პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააჯარიმეს",-ნათქვამია განცხადებაში. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა