შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამბროლაურში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2001 წელს დაბადებული ვ.ს. და ი.ქ. ცხელ კვალზე დააკავეს და მათ 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.