logo
ENG



შსს: აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, თუ არ დაგვემორჩილებიან, გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას

07 მარ 202320:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/07/htk37d31q0buk4u.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

"თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაძაბული ვითარებაა. აქციებზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს. 

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო.

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან სპეცრაზმი დააყენეს. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტეს. 

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი მირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.


close დახურვა