შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ბათუმში, შურისძიების მოტივით, დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს: 2000 წელს დაბადებული ფ.თ., -ს, 1997 წელს დაბადებული ვ.დ. -ს , 2004 წელს დაბადებული ჩ.ჩ -ს და 2005 წელს დაბადებულ ა.ს. - ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, სამი პირი ადგილზე, ხოლო ერთ-ერთი მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დაკავეს.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სამი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.