logo
ENG



შსს: ბაჩალიაშვილი ინტერნეტში თვითმკლელობის შესახებ ინფორმაციას ეძებდა

05 აგვ 202021:35
3 წუთის საკითხავი
clock 10680
56ryzoxlvfmj5gr.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის ექსპერტიზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებული არის გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? 

"ფორმულა" შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

სიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.

ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის.

იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე - გვერდზე მიწერილი აქვს სათაური - Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.

დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი.

ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აშშ-ის საელჩოს სთხოვს, გამოძიებაში ამერიკელი სპეციალისტები ჩაერთონ.


close დახურვა