logo
ENG



შსს: ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ

04 აგვ 202019:29
3 წუთის საკითხავი
 
r16lijz4w257u1l.png

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს - ამის შესახებ უწყებამ "ფორმულას" განუცხადა.

მათივე ცნობით, ოჯახს შეხვედრა შესთავაზეს:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას ეხებოდა. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა", - ამბობენ სამინისტროში. 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს, 4 აგვისტოს, განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოში შეხვედრაზე მას უთხრეს, რომ საქმეში FBI-ს ჩართვის თხოვნით საქართველოს შტატებისთვის უნდა მიემართა.

თეონა თამაზაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოსგან უარის მიღების შემთხვევაში, შიმშილობას დაიწყებდა. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ელჩთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას მოითხოვდნენ. 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

 

 


close დახურვა