logo
ENG



შსს: ბოლო 24 საათში კომენდანტის საათის დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოვლინდა

02 აპრ 202016:02
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა.

1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

გარდა ამისა, როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. 


close დახურვა