"ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა",-ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. ასევე სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 24 პირი დააჯარიმეს.
"გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 33 მოქალაქე დააჯარიმეს",-ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.