logo
ENG



შსს: ბორჯომში ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები აქტიურ კერებზე მეტია

26 აგვ 202211:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/1e0d3w4fsw64ymx.jpg
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები აქტიური კერების რაოდენობაზე მეტია.

უწყების ცნობით, პერიოდულად ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს.

"დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა. ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია.

ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. რთულ, მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა"- ნათქვამია განცხადებაში.

ბორჯომში ხეობაში ხანძარს მე-8 დღეა ებრძვიან.


close დახურვა