შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა.
შსს-ს ცნობით შემთხვევა 26 მაისს მოხდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბრალდებული და მისი თანასოფლელი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას თანასოფლელმა ბრალდებული დანით დაჭრა, ბრალდებულმა კი კუთვნილი მანქანიდან ამოიღო ცივი იარაღი და მუცლის არეში მიაყენა ჭრილობები.
ამის შემდეგ ბრალდებული, 1995 წელს დაბადებული ი.კ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ის ცნობით, მათ ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.