logo
ENG



შსს: დააკავეს კაცი, რომელიც 10 წლის ბავშვს ემუქრებოდა, უკაკუნებდა და კარის გაღებას სთხოვდა

27 ოქტ 202211:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/27/m30qecnaa1o19kj.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის მიმართ მუქარის ბრალდებით 26 წლის კაცი დააკავა. როგორც უწყებაში ამბობენ, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 10 წლის ბავშვს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა კაცს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა