logo
ENG



შსს: დავაკავეთ კაცი - მან ნაცნობს ესროლა და ავარიის ინსცენირება მოაწყო - დაჭრილი გარდაიცვალა

18 ივლ 202218:08
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ კაცი - მან ნაცნობს ესროლა და ავარიის ინსცენირება მოაწყო - დაჭრილი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ესროლა, შემდეგ კი ავვტოავარიის ინსცენირება მოაწყო - დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება - დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ვ.ც. დააკავეს.

მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და ვ.ც. ბრალდებულის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა