logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, ვის ბინაშიც თბილისში მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა

02 ოქტ 202112:08
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულია ის ადამიანიც, ვიც ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა თბილისში. მას დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი სამინისტროში გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ გახდა.

„გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ.

მისივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ღონისძიებები გასაიდუმლოებულად ჩატარდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რისი ამსახველი ვიდეო მასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

თავად საკააშვილმა 1-ლი ოქტომბრის დილით გაავრცელა ვიდეო მიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება


close დახურვა