შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იარაღის შესახებ კანონსა და კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომელთა თანახმადაც, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება აიკრძალება.
ახალი ცვლილებების მიხედვით, აკუსტიკური იარაღის გამოყენება მხოლოდ კონკრეტული მიზნით იქნება დასაშვები. გარდა ამისა, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრა კანონით დადგენილი მიზნით იარაღის განმუხტულ მდგომარეობაში გადატანა-გადაზიდვის ვალდებულება.
ამ რეგულაციების დარღვევისთვის, იარაღის კონფისკაციასთან ერთად, პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, 1 წლის განმავლობაში კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აკუსტიკური იარაღი არ წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას და მისი ერთადერთი დანიშნულება ფუჭი ტყვიების გასროლა და აკუსტიკური ეფექტის შექმნაა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება და გამოყენება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვანსაც კი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლო.
უწყების ცნობით, აკუსტიკური იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თეატრალურ წარმოდგენებში, ისტორიული რეკონსტრუქციაში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში.
შსს-ში ამბობენ, რომ ე.წ. სტარტოვკის გამოყენება კრიმინალურ წრეებშიც ხშირია და მისი აკრძალვა სწორედ ამას უკავშირდება.
ცნობისთვის, 112-ში 2019 წლის განმავლობაში მსგავსი იარაღიდან გასროლის შესახებ 360 შეტყობინება განხორციელდა, 2020 წელს - 500 შეტყობინება, 2021 წლის განმავლობაში უკვე - 150-ზე მეტი შეტყობინება.