შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია ფორმულას ორ თანამშრომელზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, გამოძიება დაწყებულია ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, ხოლო ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მათ შეტყობინება არ მიუღიათ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია "ფორმულას" მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია "ფორმულა" საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ტელეკომპანია ფორმულას ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.
ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.