კახეთის პოლიციამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 1993 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავა.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანასოფლელს - 1977 წელს დაბადებულ ა.უ.-ს, სადღესასწაულო სუფრაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
"პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.