logo
ENG



შსს: მარილის ტომრების შემოწმებისას 1 171 აბი მეტადონი ამოვიღეთ

05 თებ 202111:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/05/4kohqwyvfy76y91.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე-1987 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.დ. ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან 195 აბი ნარკოტიკული საშუალება მეტადონის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მეტადონის საქართველოში შემოტანას ცდილობდა.

"თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მისაბმელიანი ავტომანქანის ჩხრეკისას, მ.დ.-ს კუთვნილი ტვირთის- მარილის ტომრების შემოწმებისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით- 1 171 აბი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღეს", - აცხადებენ შსს-ში.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა