შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.
უწყების თქმით, თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, აჭარაში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს, როგორც საქართველოს ასევე, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები.
ნარკოტიკების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 37 ადამიანი, მათ შორის 6 უცხოეთის მოქალაქეა.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით კი 15 ადამიანი დააკავეს - მათგან 9 უცხოეთის მოქალაქეა.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.
"პოლიციამ, მოსამართის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და მათი ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო" - წერია უწყების განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“, „ოპიუმი“, „პრეგაბალინი“, „ამფეტამინი“, „მდმა“, „ექსტაზი“,, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“, მცენარე „კანაფი“ და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.
ნარკოტიკულ საშუალებებზე დაკავებული ორი პირისგან ამოღებულია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 273-ე პრიმა, 263-ე, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.