logo
ENG



შსს: ნარკორეალიზების მცდელობის ბრალდებით ორი ადამიანი დავაკავეთ

18 იან 202109:10
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს.

დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, "ალფა PVP" ამოიღეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მიერ შემდგომი გასაღების მიზნით სხვადასხვა ადგილზე განთავსებული, 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "ალფა PVP".

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ" ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის " ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


close დახურვა