logo
ENG



შსს: პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 600 პირი დაჯარიმდა

07 თებ 202110:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/07/20rs66q2oi8x8r0.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) შესაბამისად 68 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 600 ფიზიკური პირი.

შსს კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

"პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დღეს, 7 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 799 პაციენტი, 14 კი გარდაიცვალა.


close დახურვა