შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა.
შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.
"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. სამუშაო პროცესს ადგილზე ამ დრომდე ხელმძღვანელობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში - ზვიად შალამბერიძე. ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს. ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა", - წერია შსს განცხადებაში.