logo
ENG



შსს: სოფელ გუმათში საპროტესტო აქციაზე სამართალდარღვევისთვის 6 პირი დავაკავეთ

14 აპრ 202100:28
3 წუთის საკითხავი
 
შსს: სოფელ გუმათში საპროტესტო აქციაზე სამართალდარღვევისთვის 6 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ გუმათში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან. 

უწყება დაკავებებს იმით განმარტავს, რომ პოლიციის მიერ გაფრთხილების მიუხედვად, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი. 

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ე ქვეპუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის.

აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია "ენკას" სატრანსპორტო საშუალებების  გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

სოფელ გუმათში, კომპანია ENKA-ს ოფისთან, "რიონის მცველებსა" და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. 

მაშინ, როცა დემონსტრანტებმა კომპანიის ოფისთან გადმოინაცვლეს, გადაკეტეს ნამოხვანამდე მისასვლელი გზა. თქვეს, რომ გაატარებდნენ მოსახლეობას, კომპანია ENKA-ს თანამშრომლებს და მათ კუთვნილ მანქანებს კი გადაადგილების უფლებას არ მისცემდნენ. 

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ინციდენტი ადგილზე სწორედ ენკას მანქანის მოსვლას მოჰყვა.

"მომართულია ხელისუფლების ხელი ჩვენ წინააღმდეგ. ბიჭები დახვდნენ ენკას მანქანებს მშვიდობიანად, ხელებაწეულები, არ ვატარებდით. პირდაპირ დარბევაზე გადმოვიდა პოლიცია, მიახეთქეს ადამიანები მანქანებს. არავის ინდობენ. ადამიანები ლამის ჩაცვივდნენ ცეცხლში, რომელიც გასათბობად გვქონდა დანთებული. ერთი ადამიანი დაეცა ცეცხლზე და იქვე წამოვაყენეთ, თორემ მართლა საშინებელა მოხდებოდა", - ამბობს ის. 

ერთ-ერთი აქტივისტი მირზა ნოზაძე აცხადებს, რომ დაკავების პროცესში მათ პოლიციამ სცემა.

"ჩვენი ინფორმაციით ორი ადამიანია დაკავებული. პოლიციამ თავისი ძალის დემონსტრირებით გამოიწვია გაღიზიანება ჩვენი აქტივისტების. ბოლო მომენტში როცა თითქმის დავაწყნარეთ ჩვენი აქტივისტები და ვაპირებდით გამოსვლას დაძაბული სცენარიდან, მაინც მოახერხეს 2 ადამიანის ჩუმად დაჭერა და ჩვენი ინფორმაციით ცემეს კიდევაც. ჩვენმა აქტივისტებმა ნახეს რომ დაკავების პროცესში სცემდნენ მათ", - ამბობს ის ფორმულასთან საუბრისას.

დემონსტრანტებს რამდენიმე დღეა, სოფელ ნამოხვანში შესვლა არ შეუძლიათ. 


close დახურვა