logo
ENG



შსს: ტურისტის დაჭრას პრაიდთან კავშირი არ აქვს, შემთხვევა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა

07 ივლ 202115:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/07/x7e8xwlfl1n3psw.jpeg

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისს, პოლონელი ტურისტის დაჭრას ძალადობრივ ჯგუფებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

როგორც დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, შემთხვევა ყოფით ნიადაგზე მოხდა.

"აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად, ვარანცოვზე, ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც დედამაც გააკეთა განცხადება, რომ ფსიქიურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს. არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმასთან, რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება, არ აქვს. ეს იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, როდესაც მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მიეჭრა კონკრეტული პირი სულ სხვა ლოკაციაზე და მოახდინა მისი ჯანმრთელობის დაზიანება", - თქვა დარახველიძემ.

5 ივლისს ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი. როგორც თვითმხილველმა ფორმულას უთხრა, ის გეი ეგონათ, სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს. დანაშაული სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც "ღირსების მარშის" ჩაშლის საბაბით დედაქალაქში მოძალადეები უკონტროლოდ დარბოდნენ და მედიას და მოქალაქეებს უსწორდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 


close დახურვა