შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
უწყების ცნობით, გარდაცვლილებს შორის 2 პირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.
მათივე ინფორმაციით, გზაზე მოძრავი მანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
"დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება", - აცხადებენ უწყებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.