logo
ENG



შსს: ჩუღურეთში, დაკავებულმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დანით დაჭრა

07 ივნ 202618:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/07/qjeh2xje1huiusc.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს და პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

შსს-ს ცნობით, დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს და ახლა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ცივი იარაღით მის მიმართ დევნას განაგრძობდა.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს მოუწოდეს, აღნიშნული შეეწყვიტა, თუმცა იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მათ მიმართაც აგრესიული გახდა და თავს დაესხა. ამ დროს მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

პატრულ-ინსპექტორებმა განხორციელებული დევნის შედეგად მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა