logo
ENG



შსს: ცაგერში, შვილზე მოძალადე მამას გირაო შეეფარდა და ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა

31 დეკ 202011:13
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/31/e0cppzafxrhbkpj.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცაგერში დააკავეს კაცი, რომელმაც შვილს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულს ცაგერის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. უწყების ცნობით, იმავე დღეს ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა და განმეორებით ძალადობის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, მას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1948 წელს დაბადებულმა ზ.გ.-მ 2020 წლის 22 დეკემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს - 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მოძალადის მიერ განმეორებით ძალადობის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზ.გ.-ის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე. მას დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლსა და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების მონიტორინგი.

მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა