შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პანსიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძებო და საპროცესო მოქმედებები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკვე გამოიკითხა რამდენიმე არასრულწლოვანი.
"უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გამოძიების პროცესში ჩართული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს მოუწოდებს თემით დაინტერესებულ მედიასაშუალებებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია.
"გამოძიების დაწყების საფუძველი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს აღნიშნული პანსიონატის თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, რომელიც შესაძლოა ფლობდეს გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვას", - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.
3 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს.
ასევე, გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ".
"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.
ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", - ყვება ის.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) გეგმავს, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ და მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა.