logo
ENG



შსს ფრენების წინააღმდეგ აქციაზე: პოლიცია იცავს მშვიდობიანი შეკრებების უფლებას

19 მაი 202313:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/19/z5y03idtzz739xq.png

შინაგან საქმეთა სამინისტრო აეროპორტის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ "პოლიცია იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას".

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ეს არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობლიზებულები არიან სამართალდამცველები. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით და ობიექტეზე დასაქმებული პირები. 

პოლიცია იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აეროპორტის შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ დასაშვებ ტერიტორიაზე, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი"- აცხადებენ შსს-ში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მოქალაქეები რუსეთთან ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 5 აქტივისტი დააკავეს. 

რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი საათის წინ დაეშვა.

ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.


close დახურვა