logo
ENG



შუქრუთელების აქციის მოშიმშილე მონაწილე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების კადრებით დაემუქრნენ

02 ივნ 202112:00
3 წუთის საკითხავი
 

შუქრუთელების აქციის ერთ-ერთი მოშიმშილე მონაწილე, ვერა კუპატაძე აცხადებს, რომ ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრნენ, თუ პროტესტს არ შეწყვეტდა.

ვერა კუპატაძე რამდენიმე დღეა პირამოკერილი აპროტესტებს იმას, რომ ჯორჯიან მანგანეზმა კერძო საკუთრება დაუზიანა. იგი ყვება, რომ უცნობმა პირმა შიმშილობის დაწყებიდან მეორე დღეს დაურეკა. 

"არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ განხორციელდა, რაც პირი ამოვიკერე. ზუსტად მეორე დღეს მემუქრებოდნენ პირადი, ბილწი რაღაცებით. მეუბნებოდნენ, რომ სიცრუეში დგახარ, ტყუილში დგახარ.

ნუ დგახარ მანდ მე შენი შვილის მეგობარი ვარ, შენთვის კარგი მინდა, ვიცი, რომ მზადდება დოკუმენტაცია შენი ოჯახის წევრზეო, გასაჯაროვდებაო და არ მინდა ასეთ ტალახში გაისვაროს შენი ოჯახიო", - ამბობს აქციის მონაწილე. 

მისივე თქმით, ზარის შესახებ მაშინვე აცნობა პოლიციას, მოითხოვა გაეგო, ვის ეკუთვნოდა ტელეფონის ნომერი, თუმცა როგორც ამბობს, ამაზე პასუხი ვერ მიიღო.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 107 დღეა, ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ. აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეთაგან 5 კაცია, 3 კი ქალი.

მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა. 

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს მიმართავენ, დაეხმაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენაში.

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.

 


close დახურვა