„გენკი” დღეს კვიპროსში „ანორთოსისს“ დაუპირისპირდება. ბელგიური კლუბის 25-კაციან განაცხადშია გიორგი ჩაკვეტაძე.
ქართველი ფეხბურთელი კლუბში ეროვნული ნაკრებიდან ნაადრევად დაბრუნდა, მიზეზი კი მუხლის ტკივილი იყო, რის გამოც ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურიც გამოტოვა. ამჟამად გიორგი მწყობრშია და თამაშისთვისაც მზადაა.
„გენკს” კონფერენს ლიგაზე ჩატარებულ 4 მატჩში 10 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური უკვე გაიფორმა. ბელგიის 19-გუნდიან ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელის კლუბი 15 ტურის შემდეგ მე-8 ადგილს იკავებს.
თემურ ქეცბაიას მომზადებულ „ანორთოსისს” არ აქვს კარგი პერიოდი; ქართველი სპეციალისტის კლუბს კონფერენს ლიგაზე მხოლოდ 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს, კვიპროსის 12-გუნდიან ჩემპიონატში კი 9 ტურის შემდეგ მე-9 ადგილზეა.