logo
ENG



ჩანაწერების გავრცელებიდან მე-3 დღეს თალაკვაძე ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

09 მარ 202115:55
3 წუთის საკითხავი
 
ჩანაწერების გავრცელებიდან მე-3 დღეს თალაკვაძე ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან მე-3 დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. აქამდე ის ამ თემას არ გამოხმაურებია.

"ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა - ჩემი მხრიდან, მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს", - თქვა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი თავად ღარიბაშვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა