ქართული ოცნების დეპუტატი, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველმა არა მხოლოდ "ნეგატივზე, არამედ პოზიტივზეც უნდა ილაპარაკოს".
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნინო ლომჯარიამ 2020 წლის ანგარიში წარადგინა, ჩაჩიბაიამ თქვა, რომ "ბოლო წლებში განხორციელებულ მიღწევებსა და პოზიტივზე ლაპარაკი მმართველი გუნდისთვისაც მოტივატორი იქნებოდა".
"მინდა, ჩემი გულისტკივილი გამოვხატო იმაზე, რომ მოხსენებაში ყურადღება მხოლოდ ნეგატივზე გაამახვილეთ. მე მქონდა მოლოდინი იმისა, რომ ყურადღებას გაამახვილებდით იმ პოზიტივსა და მიღწევებზე, რა ბოლო წლებში განხორციელდა. მე მესმის, რომ თქვენი დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია. ბევრ ადამიანს წვდომა არ ექნება და თქვენს გამოსვლას დაეფუძნება მათი შეფასება.
უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ამ მოხსენებაში რომ ყოფილიყო პოზიტივიც იმ უთხით, რა კუთხითაც განხორციელდა დადებითი ნაბიჯები, უფრო მეტად მოტივატორი იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც და საკანონმდებლო ხელისუფლებისთვისაც მომავალში დადებითი ნაბიჯების გადასადგმელად". - მიმართა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნინო ლომჯარიას.
დეპუტატის შენიშვნა ასევე დაიმსახურა ომბუდსმენის მოხსენებაში პოლიციელთა მხრიდან გადაცდომების აღნიშვნამ მაშინ, როცა, მისი თქმით, ანგარიშში არაფერია ნათქვამი თავად პოლიციელთა მიმართ თავდასხმებზე.
"თქვენ არ ისაუბრეთ დეზინფორმაციასა და ცრუ ინფორმაციაზე, რომლითაც, ვფიქრობ, რომ ილახება ადამიანის უფლებები. თქვენ ისაუბრეთ პოლიციელების მხრიდან გადაცდომებზე, მაგრამ არ გისაუბრიათ პოლიციელთა მიმართ გადაცდომებსა და დარღვევებზე. საინტერესო იქნებოდა ამ კუთხით თქვენი შეფასება.
ისაუბრეთ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. თქვენს ანგარიშში დადებითად არის შეფასებული თავდაცვის სამინისტრო და დიდი მადლობა. თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები ეფუძნებოდა თქვენს რეკომენდაციებს და კარგი იქნებოდა, ესეც გეხსენებინათ, იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროში ნამდვილად განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები როგორც ანაზღაურების, ისე სამსახურის გაუმჯობესების კუთხით. მინდოდა მეთქვა, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები არის დადებითად შეფასებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ამასთან დაკავშირებით პოზიტივი რომ გამოგეშვათ, ცუდი არ იქნებოდა". - თქვა ჩაჩიბაიამ.
სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ არაერთ მწვავე პრობლემაზეა საუბარი.
კერძოდ:
ნინო ლომჯარიას ანგარიში ეხება გიორგი შაქარაშვილის, ლუკა სირაძის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს და მათ არაეფექტიან გამოძიებას.
ასევე, ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს ე.წ ქურდულ სუბკულტურაზე დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2017 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა და დაადგინა, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდათ, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ. სამწუხაროდ, გამოძიება მხოლოდ გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით ინტერესდებოდა და არ იკვლევდა უტარდებოდათ თუ არა, ან რატომ არ უტარდებოდათ პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
ომბუდსმენი მიუთითებს, რომ 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ. განცხადებების მიხედვით, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩამდენი პირები 77 შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, ხოლო 60 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები. განცხადებები ასევე ეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებსა და გამოძიების გაჭიანურებას.
სახალხო დამცველი წერს, რომ 2020 წელსაც შენარჩუნდა ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია.
ომბუდსმენი 2020 წელს განსაკუთრებულად შემაშფოთებლად მიიჩნევს მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეს, რომელსაც ბრალი ედებოდა პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებასა და ამ ქმედების ამსახველი კადრების საჯარო გავრცელების ორგანიზებაში.
პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 2 მძიმე ბრალიდან ერთი (კადრების გავრცელების ორგანიზება) დაუსაბუთებელად მოხსნა, რითიც სასამართლოს წაართვა ერთ-ერთ დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და ფაქტობრივად ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის სავარაუდო უკანონო მიყურადების, აგრეთვე ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სავარაუდო მიყურადების შემთხვევები.
მიუხედავად სახალხო დამცველის მოთხოვნისა, კონფიდენციალური საუბრებისა და ჩანაწერების გასაჯაროების შემთხვევებზე არ მიმდინარეობს ეფექტიანი გამოძიება, რასაც საბოლოოდ დამნაშავის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს.
თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს. თუმცა, მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი დაბრკოლება ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ. 2020 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა განიხილა, საიდანაც 18% სქესის/გენდერის, 9% კი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა. 12% და 9% შეადგინა განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო უთანასწორო მოპყრობასთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელმა.
სახალხო დამცველი წერს, რომ პანდემიის პირობებში ქალები პირისპირ აღმოჩნდნენ მოძალადეებთან, რამაც გაზარდა ძალადობის რისკები, თუმცა შეამცირა შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა.
ომბუდსმენის შეფასებით, უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის როგორც თავიდან არიდების, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვა. პანდემიის ფონზე, დისტანციური სწავლების რეჟიმში კიდევ უფრო გართულდა ამგვარი შემთხვევების გამოვლენა და სოციალური მუშაკების მხრიდან მათი დროულად შესწავლა. გაუმართავია შსს-ს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინაცია და რეფერირების მექანიზმი.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2020 წელს სხვადასხვა მასშტაბის მრავალი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შინაარსის შეკრებათა ნაწილის მიმდინარეობამ კვლავ მწვავედ წარმოაჩინა, რომ შეკრების თავისუფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო არასათანადოდ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
ომბუდსმენს 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება მიაჩნია.
ასევე, სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წელი უმძმესი იყო კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ჯერ კიდევ კოვიდ 19-ის პანდემიამდე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ე.წ. გამშვებ პუნქტზე სრულად შეზღუდა ადამიანების გადაადგილების თავისუფლება, რის გამოც უკვე 1 წელზე მეტია იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათანადო სამედიცინო სერვისის მიუღებლობის გამო გარდაიცვალა. ასევე, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის განმავლობაში, ადამიანების მცდელობას, გადაეცურათ ენგური და საოკუპაციო ხაზის შემოვლითი გზით ზუგდიდში მოხვედრილიყვნენ, 2 უბედური შემთხვევა მოჰყვა. ისევე, როგორც გასულ წლებში სახალხო დამცველი ამ თავში ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე, მათ შორის განხილულია ვაჟა გაფრინდაშვილის,გენადი ბესტაევის,ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, რამაზ ბეღელურის, მირიან თაზიაშვილის დახვიჩა მღებრიშვილის დაკავების შემთხვევები.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საანგარიშო პერიოდში კვლავ მაღალი იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები. 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა. ამის მიუხედავად, უშუალოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების მიზნობრივი სახელმწიფო სერვისი ამ დრომდე არ არის დანერგილი. კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 268 სოციალურ მუშაკსა და 12 ფსიქოლოგს უწევს სხვადასხვა პრობლემის მქონე ათასობით არასრულწლოვანთან მუშაობა. გამოწვევად რჩება ასევე, ბავშვთა სუიციდის პრევენცია. 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა აღირიცხა. საკითხის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია მისი აღმოფხვრის კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ანგარიშში ომბუდსმენი ასევე ლაპარაკობს სოციალური დაცვის, შშმ და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რელიგიის თავისუფლებაზე, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პრობლემებზე.