დილით თბილისის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს გამყოფი კედელი დახვდათ. რკინის ჯებირებით, სამართალდამცველებმა დეპუტატები აქციის მონაწილეებისგან დაიცვეს, ოპოზიციას და მედიას კი გადაადგილება პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან შეეზღუდა. რკინის კედლების მიღმაც "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მაინც გაიგო სამოქალაქო აქტივისტების შეძახილები- სირცხვილია.
დაპირისპირება მოხდა ოპოზიციასა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს შორის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) ადამიანის უფლებების დაუსაბუთებელ და არაპროპორციულ შეზღუდვად შეაფასა.
უფრო ზუსტად მოვლენები ამგვარად განვითარდა - მთაწმინდის რაიონი ხელისუფლებამ რკინის კედლებით გადაღობა. იმისთვის რომ პიკეტირებისთვის ხელი შეეშალათ, დაკეტეს ყველა ქუჩა რაც პარლამენტამდე მიდის.
რკინებით გადაღობილი მთაწმინდა, პოლიციის უპრეცედენტოდ დიდი შემადგენლობა -ამ ფორმით ხელისუფლება ცდილობდა აქციის მონაწილეები და ოპოზიცია პარლამენტს არ მიახლოებოდა.
რკინის კედლებით ჩახერგილ ქუჩებში გადადგილება შეზღუდული იყო ჟურნალისტებისთვისაც. მიუხედავად პარლამენტის აკრედიტაციისა, მედიას მხოლოდ ერთი რკინის კარიდან უშვებდნენ. იყო მომენტები, როდესაც პოლიციის კორდონს იქეთ გადასულ გადამღებ ჯგუფს უკან აღარ აბრუნებდნენ.
გადაადგილება შეზღუდული ჰქონდათ ოპოზიციონერ დეპუტატებს - დაპირისპირება მოხდა მათსა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს შორის.
რკინის კედლებისა და პოლიციის კორდონების მიუხედავად დროებით აღმართულ კედლებზე მოძრაობა "შეცვალემ" მაინც დაწერა რამდენიმე სიტყვა - შეცვალე, სირცხვილია და გაბედე. აქციის მონაწილემ შეძლო და პოლიციას გააგებინა, რომ რკინის კონსტრუქციაზე წარწერა ქალაქის იერსახის დამახინჯება არ არის.
მოძრაობა "გაბედემ" კი ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე აღმართულ რკინის კედელთან, პროტესტის ნიშნად შეშა და ძაფზე აკინძული დოლარის კუპიურები მიიტანა.
დეპუტატები პარლამენტში სხვადახვა გზით შეძახილებისა და პროტესტის ფონზე შევიდნენ. ჩატარადა სხდომაც. დღის ბოლოს კი პოლიციას, რომელსაც ხელისუფლება უკვე სამი კვირაა შეუსვენებლად ამუშავებს, დააშლევინეს რკინის ღობეები რომლითაც მთაწმინდა იყო ჩახერგილი.