მალხაზ მაჩალიკაშვილის ახალ ბრალდებაზე სუსი და პროკურატურა დუმს. ცნობილი გახდა, რომ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური, პროტესტის შეწყვეტის მიზნით, უთვალთვალებდა და უკანონო ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებდა.
მაჩალიკაშვილის ამ ხმაურიანი განცხადებით, რომელიც მან 22 ოქტომბერს „ფორმულასთან“ გააკეთა, გამოძიება ჯერჯერობით არ დაინტერესებულა. აქვს თუ არა უკანონო ჩანაწერები - სუს-ი მალხაზ მაჩალიკაშვილის საჯარო ბრალდებას პასუხის გარეშე ტოვებს. აქვს თუ არა სახელმწიფო უწყებას მაჩალიკაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და იყენებს თუ არა უკანონოდ მოპოვებულ მასალებს მის წინააღმდეგ - უსაფრთხოების სამსახურში განმარტებებზე უარს ამბობენ. მაჩალიკაშვილი კი აცხადებს, რომ სუს-მა მუქარა შეასრულა.
„ხეობიდან ჩამოიყვანეს ჩემი ცოლი და შვილი და ამათაც კი ანახეს რაღაცები - ვისთან ვზივარ კაფეში, ვის ვხვდები. ამ სიბინძურეზეც კი წავიდა ხელისუფლება,“ - განუცხადა „ფორმულას“ მაჩალიკაშვილმა.
სახელისუფლებო პარტიაში მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების ნამდვილობის არ სჯერათ. მათთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია, რისთვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა ძალოვან უწყებას მაჩალიკაშვილების ოჯახთან დანაშაულებრივი მეთოდებით დაპირისპირება. ოპოზიციისთვის კი ცხადია, რომ პანკისის სპეცოპერაციისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება ხელისუფლების ინტერესში არ შედის. ამის დასტურია ორი წლის განმავლობაში გაჭიანურებული გამოძიება, უარი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და დღეს უკვე თემირლან მაჩალიკაშვილის მამის საჯარო განცხადებაც.
დაიწყება თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ფორმულას ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება ჯერ უცნობია. პროკურატურაში განმარტებები არ კეთდება.